ვენეციის კომისია და ოდირი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე – შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად

შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის, – ამის შესახებ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაშია აღნიშნული.
„2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის სთხოვა მოსაზრება საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე. ვინაიდან ეს დასკვნა ეხება საარჩევნო სფეროს, იგი მომზადდა ერთობლივად ვენეციის კომისიისა და ოდირის მიერ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისია და ოდირი აღიარებენ, რომ არსებობს მოქმედი საარჩევნო ჩარჩოს ზოგიერთი ხარვეზის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოფხვრის მიზანი, მაგრამ წუხან, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.
„საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები ეხება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას. ისინი რთული და საკმაოდ დამაბნეველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ და მრავალჯერად ჯვარედინ გზავნილებს კანონის ორივე წყაროს შორის. მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან ის ეხება საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებს – კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრობას და მიღებული იქნება, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იქნება დარჩენილი. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები. ეს განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოში უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ცესკოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც, ვენეციის კომისია და ოდირი მიესალმნენ.
„იმავდროულად, მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ვენეციის კომისიის და ოდირის აზრით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს