ვენაში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
3 მაისს ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა, ვენაში, საქართველოს საელჩოს წინა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს აშორებს ევროატლანტიკურ კურსისაგან და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
აქციამდე, ავსტრიაში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა ქართველმა, საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩააბარეს. აღნიშნული მიმართვა იხილეთ აქ.
“ჩვენ, ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველები, შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
ასევე, აღშფოთებული ვართ მთავრობისა და მმართველი ძალის მიერ ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილებებით, რა დროსაც, მათ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები და გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მათ წინააღმდეგ.
ასევე, არ შეგვიძლია დავმალოთ ჩვენი უკიდურესი გულისწყრომა ა.წ. 29 აპრილს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაკეთებულ ყოვლადმიუღებელ განცხადებებზე, რითაც ზიანი მიადგა საქართველოსა და ქართველი ხალხის ურთიერთობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე უწყვეტად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
ჩვენ ვდგავართ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით რუსული გავლენებისა და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
არა რუსეთს!
კი ევროპას!”, – ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.