არქივი4 სექტემბერი, 2024, 01:06
ვახო სანაია: სხვა ბევრ ,,სიკეთესთან" ერთად, კიდევ ერთი, რასაც ივანიშვილმა წლები და დიდი ფული მოახმარა, ყველაფრის პროფანაციის მცდელობაა
"სხვა ბევრ ,,სიკეთესთან" ერთად, კიდევ ერთი, რასაც ივანიშვილმა წლები და დიდი ფული მოახმარა, ყველაფრის პროფანაციის მცდელობაა.
მის წიგნიერებასა და განათლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია; ინტელექტუალური რესურსის დეფიციტის გამო ეზიზღება და ებრძვის ყველა ნიჭიერ ადამიანს, რომლისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული აქვს ივანიშვილს; ივანიშვილს არა აქვს არც ერთი ის დადებითი თვისება, რომელიც სახელმწიფოს მმართველს ღირსებას ჰმატებს; ნულს ქვემოთაა მისი პერსონალური პოლიტიკური მომხიბლაობა; არ გააჩნია არანაირი იდეა.
აქედან გამომდინარე წავიდა სხვა გზით - საკუთარ თამასას ზემოთ ვეღარასოდეს აწევს, ამიტომ დისკრედიტაციის გზით სხვები უნდა ჩამოიყვანოს თავისზე ქვემოთ. გარდა ზოგადპარტიპული პოლიტიკისა, აქ მისი პერსონალური სურვილებიცაა. შესაბამისად, ძალაუფლების შენარჩუნებისთვისაც სჭირდება და საკუთარი სიძულვილის დასაკმაყოფილებლადაც, რომ ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ საჯარო ცხოვრებაში ხელოვნურად გაღვივებული ამდენი ღვარძლი, ცინიზმი, ცილისწამება, ძალადობა, ტროლ-ბოტობა იყოს.
სინამდვილეში ჩვენს საზოგადოებაში არაა ერთმანეთისადმი სიძულვილი, მაგრამ ივანიშვილი ბევრ ფულს ხარჯავს იმაში, რომ ასე წარმოადგინოს. მისთვის საშიშია ნებისმიერი იდეისა თუ თუნდაც სულ უბრალო პატარა საკითხის გარშემოც კი თანხმობა, ამიტომ ქმნის მასობრივი სიძულვილის ილუზიას, რაც ახლოსაც არ არის რეალობასთან. მუდმივად აქეზებს ადამიანებს ერთამენთის წინააღმდეგ. ხალხს საშუალებას არ აძლევს, მშვიდად იცხოვროს, იყოს ბედნიერი, აკეთოს თავისი საქმე ისე, რომ არ ეშინოდეს დღევანდელი და ხვალინდელი დღის.
ეს ბოროტება უნდა დასრულდეს, არ შეიძლება ასე. ამ აკვარიუმის ბინადარს როგორ უნდა გამოუვიდეს, მომავალი წაართვას ხალხს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ხალხის უმრავლესობა მზადაა, ეს კოშმარი შეცვალოს. საზოგადოების ის შედარებით მცირე ნაწილი კი, რომელსაც ივანიშვილი ამ სიძულვილს უღვივებს, უნდა მიხვდეს, რომ თანამონაწილე გახდეს ცვლილების, რომელიც ისედაც მოხდება. არ უნდა შეეშინდეს ხვალინდელი დღის, რადგან ის უკეთესი იქნება დღევანდელ დღეზე. უნდა გადალახოს ეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც ხელოვნურად ააგო ამ კაცმა და ქვეყანას არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. 26 ოქტომბერს უბრალოდ, ერთი ლაზათიანად უნდა მიაყოლოს წიხლი ამ ხელისუფლებას," - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.