ჟურნალისტი ვახო სანაია:
ამ დღეებში ხშირად მესმის მსგავსი ფრაზები: კალაძეც უზრდელობს და შეურაცხყოფს სხვებს, დიმიტრი სამხარაძეც იგინება და ა.შ. და ა.შ. მათ არ დააჯარიმებთ, არ დააპატიმრებთ, ჩვენ კი დაგვაჯარიმებთ და დაგვაპატიმრებთო.
აქცენტი არასწორადაა დასმული.
ნუ აყენებთ თავს მათთან ერთ სიბრტყეში. პირადად მე საერთოდ არ მაინტერესებს, რა ლექსიკას გამოიყენებენ კალაძე, სამხარაძე თუ სხვა უწიგნური ქოცები – ქოც თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულების განცდა არც არასდროს გააჩნდათ. მათგან განსხვავებით, თმენის ვალდებულება არ მოეთხოვება ხალხს, რადგან აქვს უფლება ისე შეაფასოს მისი გადასახადების მხარჯველი, როგორც მოესურვება. ამასთან, ქოცების გამონათქვამები მხოლოდ მათვე აზიანებს და ვერაფერს აკლებს საზოგადოებას (ნორმალურ ვითარებაში არსებობს პოლიტიკური ფასი, რომელსაც საკუთარი სიტყვების გამო იხდიან ამომრჩევლის წინაშე). გარდა ამისა, ტროლ-ბოტების ქარხნები გუგუნებს და ქოცები როგორმე მათი საშუალებით მოახერხებენ გინებას. ან თვალის ასახვევად ერთ თავისიანს დააჯარიმებს და ასს – მოწინააღმდეგეს. ან მიაღწევს მიზანს – დანერგავს შიშს და ჩაახშობს კრიტიკულ ხმას. ივანიშვილისთვის მთავარია შენთან ბრძოლა, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ ქოცებს ჯარიმა არ დაეტყობათ. ან საერთოდ არ დააჯარიმებენ თავისიანს ან თვალის ასახვევად დააჯარიმებენ ვინმეს, რა მნიშვნელობა აქვს. მურუსიძის სასამართლოში შეურაცხყოფასა და ზრდილობას დაარქმევენ იმას, რაც გაუხარდებათ, როგორ ინტერპრეტაციასაც მოინდომებენ, ისეთი გადაწყვეტილებაც დაიწერება. უცებ არ იპოვო სამართალი. თან გაითვალისწინეთ, ვინმე კერძო პირი კი არ გიჩივით, არამედ პირდაპირ რეჟიმი და მისი სამინისტრო. ერთი სიტყვით, მილიონი მანიპულაცია არსებობს. სისულელეა, უფრო მეტიც, რეჟიმისთვის სასარგებლოა საკითხის ამ ჭრილში განხილვა და ამ მიმართულებით დისკუსია.
მთავარი ისაა, რომ ეს „კანონიც“ და მთელი ეს მექანიზმიც იმისთვის შეიქმნა, რომ შენ გაგაჩუმონ. სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი.
მათ სურთ, რომ შენ არ თქვა. შენ გაჩერდე. შენ შეგეშინდეს. შენ თვითონ დაუწესო საკუთარ თავს ცენზურა. შენა ხარ სამიზნე.
ამ „კანონის” დანიშნულება ხალხის გაჩუმებაა.
ამიტომ ყურადღება უნდა გაამახვილო იმაზე, რაც შენ გეხება. რაში განაღვლებს კალაძისა თუ დიმიტრი სამხარაძის უბადრუკი ლექსიკა ?! ისინი სულ ფეხებზე ჰკიდია ბიძინა ივანიშვილს. მისი
სამიზნე შენა ხარ. მიზანი ხმის შეზღუდვაა, რომ ნაკლები ილაპარაკო, ნაკლები წერო და ნაკლები გააპროტესტო.
შენი ხმის ჩახშობაა მთავარი ! ესაა მიზანი. შენი გადმოსახედით შეხედე, რას გართმევენ და ნუ გაუტოლებ თავს ბიძინას ქვეშევრდომებს, რომელთაც თავისუფალი აზრი ისედაც არ გააჩნიათ.
ამიტომაა ეს რეპრესიული მექანიზმი შექმნილი და არა იმისთვის, რომ კალაძე და დიმიტრი სამხარაძე გამოასწორონ.




