ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გარეთ ტერიტორია დამეწყრილია, ჩაკეტილია მუზეუმის ხიდი
ლელა რაზიკაშვილმა, ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უწყვეტი წვიმის გამო ჩარგალში ვაჟას სახლ-მუზეუმის ხიდი და მისი მიმდებარე მიწა დაძრულია. „ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი... მუზეუმთან მისვლა საშიშია“, - ამბობს იგი.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლელა რაზიკაშვილმა აღნიშნა, რომ ჩარგალში გადაუღებლად წვიმდა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია.
„40 წელზე მეტია დამბები არის მუზეუმის გარშემო, რომელშიც მდინარე არის მოქცეული, კარგად იყო გაკეთებული, მაგრამ, ეტყობა, გამოირეცხა წლების განმავლობაში. ახლა კი ამ წვიმებმა მიწა დაძრა, რასაც ხიდის საყრდენი ბოძი ეყრდნობოდა. ნაპრალი რაც იყო, დიდდება თანდათან“, - ლელა რაზიკაშვილმა გვითხრა, რომ ამჟამად ხიდი უსაფრთხო არ არის, ხიდზე გადასვლა შეიძლება, მაგრამ ბევრი ადამიანის ყოფნა საშიშია, რადგან ნაპრალი ყოველ წუთს იზრდება.
ლელა რაზიკაშვილი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოიდარა, სამუშაოების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც წყლის დონე დაიკლებს და სტიქიით მიყენებული ზიანის საბოლოო სახე გამოჩნდება.
„იმ მხარეს, სადაც ამფითეატრი და საგამოფენო დარბაზებია, პრობლემა არ არის, გაღმა მხარე კი დაზიანდა. საქმე ის არის, რომ საბოლოო სახე ჯერ არ ვიცით, ნელ-ნელა მოდის, დაძრული მიწის გამაგრებას აზრი არ აქვს. სპეციალისტებმა იციან. წუხელ ისევ წვიმდა. ამინდი, როდესაც გამოსწორდება და როდესაც წყლის დონე დაიკლებს, საბოლოო სახეს მივიღებთ, იმის მიხედვით შედგება გეგმა, მუზეუმი პარალიზებული რომ არ იყოს“, - თქვა მან.
ლელა რაზიკაშვილმა აღნიშნა, რომ სახლ-მუზეუმთან იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. „[კულტურის] მინისტრიც აპირებს ამოსვლას, როგორც ვიცი“, - აღნიშნა მან და განაგრძო, რომ ვაჟა-ფშაველას მუზეუმი პირველი კატეგორიის მუზეუმია და, რა თქმა უნდა, საჭირო სამუშაოები ჩატარდება. „ფეხზე დავაყენებთ ყველას“, - დაამატა მან.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის შენობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა ნარიმანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხიდი დაზიანებული არ არის.
„გზა საფრთხის შემცველი ნამდვილად არ არის და გადაადგილება უპრობლემოდ შეიძლება“, - გვითხრა მან. თუმცა მერმა აღნიშნა, რომ ამჟამად მუზეუმის ხიდი ჩაკეტილია. „ხიდი დაზიანებული ნამდვილად არ არის, მყარად დგას. მაინც ჩავაკეტვინეთ გადასასვლელი, დაზღვეული არავინ არის“, - აღნიშნა ნარიმანიძემ.
დუშეთის მერმა აღწერა, რომ ტერიტორიის ნაწილი დამეწყრილია იმ სახლის ღობის გარეთ, რომელშიც ვაჟა-ფშაველა ცხოვრობდა. კერძოდ, ტერიტორიაზე, აქეთ-იქით მცირე ნაპრალებია, მუზეუმის წითელი ხაზების გარეთ კი ფერდია ჩამონგრეული.
მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები. „რა დასკვნასაც დადებენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ შემთხვევაში მუზეუმს, არც ერთს და არ მეორეს, არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - გვითხრა მანანა ნარიმანიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.