ვაგრძელებთ პროექტს “საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში,” მივმართავთ ცესკოს, მანაც წამოიწყოს მსგავსი კამპანია | ჯაფარიძისა და ხოშტარიას განცხადება

“საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” – “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კამპანიის დაწყების შემდეგ 9 ქვეყნის 42 ქალაქში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტები ჩაერთონ და მათი ხმები არ დაიკარგოს.
როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას, რათა ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნას.
“სულ, 2 კვირის განმავლობაში, რაც ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია, 9 ქვეყნის 42 ქალაქში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. ფაქტია, რომ ემიგრანტებში, ადამიანებში, ვინც დატოვეს ქვეყანა, არის ძალიან დიდი ენთუზიაზმი იმისა, რომ განხორციელდეს მათი კონსტიტუციური უფლება და ჩვენ ვართ ვალდებულები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ცესკო არის ვალდებული, რომ მათი კონსტიტუციური უფლება იყოს უზრუნველყოფილი… კამპანია მიმდინარეობს -ში, კანადაში, ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ესპანეთში და ირლანდიაში. აქ გროვდება მინიმუმ 50 ხელმოწერა. ჩვენ მივმართავთ, როგორც ამ ქვეყნებში მცხოვრებ სხვა თანამოქალაქეებს, შეუერთდნენ ამ ხელმოწერებს… ასევე, ყველა სხვა ქვეყანაში მსურველები დაგვიკავშირდნენ… ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომ გაიხსნას უბნები,” – ამბობს ხოშტარია.
“გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” ვაგრძელებთ პროექტს “საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში,” რომლის მიზანიც არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალური რაოდენობით საქართველოს მოქალაქეების ჩართვა, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ერთი მხრივ, მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც ამჟამად იმყოფება ქვეყნის გარეთ, მოკლებულია კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისცეს ხმა. იმის გამო, რომ პროცედურები არის საკმაოდ რთული და ეს პროცედურები დაკავშირებულია ხარჯებთან, დროსთან. მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ არჩევნების ბედი მნიშვნელოვნად შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, რამდენად ბევრი ემიგრანტი მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ამავე დროს, ჩვენ გვინდა მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ თავად წამოიწყოს მსგავსი კამპანია და უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს გარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა გამარტივებული წესით მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა,” – განაცხადა ჯაფარიძემ.