ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მამუკა ბახტაძე, ლევან იზორია და დავით სუჯაშვილი დაიკითხნენ

18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმის მიმდინარე პროცესზე მოწმეების სახით ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი ლევან იზორია და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი დაიკითხნენ.
საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღიმართა გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და საკითხი მათთან შეთანხმებული არ ყოფილა, ხოლო როდესაც მათ შეიტყვეს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, უკვე ფუნქციურად აღარ იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები. პროკურორის მტკიცებით, დაცვის მხარემ არ უარყო, რომ გადაწყვეტილება გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო.
მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ. მისი თქმით, გამოკითხულთაგან თითოეული იყო ინფორმირებული  საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან ისინი იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, თუ მოწმეები ხედავდნენ, ე.წ. ჩორჩანას საგუშაგო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესაბამისად, მათ ჰქონდათ, როგორც ვალდებულება, ისე უფლებამოსილება, მოეწვიათ შესაბამისი სხდომა, თუმცა, ადვოკატის თქმით, მათ ეს არ გააკეთეს.