ეუთო/ოდირი: კანონს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს ის
ეუთო/ოდირი რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ კანონს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს. შესაბამისად, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და "უნდა გაუქმდეს."
კერძოდ, განცხადების მიხედვით, კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად მოიხსენიებს, "არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს."
განცხადებაში მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ რუსული კანონი, მიზნებითა და ფარგლებით "ფუნდამენტურად განსხვავებულია ამერიკული "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტისა (FARA)" და ავსტრალიის "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტისაგან."
"ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომლებსაც იხსენიებდნენ საქართველოში ახალ კანონთან მიმართებაში. მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნებითა და ფარგლებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, ის არ აწებებს ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას უცხოური წარმომადგენლის იარლიყს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ", - წერია განცხადებაში.
ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს კანონები და ასევე გადადგას შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს. ამასთანავე განხილულია ალტერნატივები როგორიცაა: ლობისტური საქმიანობის რეგულირება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრი წესები და ანტიკორუფციული ან ანტიტერორისტული კანონები, რომლებიც, განცხადების მიხედვით ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების უფრო ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩამოყალიბებას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.