"ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული!" - პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საქართველო არასოდეს იყო, არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა".
ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების გადადებასა და მის შესაძლო შედეგებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.