ეს არის საქართველოს გამარჯვება, იქონიებს თუ არა მკვლელების დასჯაზე გავლენას, დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ნებაზე | ოთხოზორიას დედა სტრასბურგზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგა ოთხოზორიას დედა საქართველოს გამარჯვებად აფასებს და ამბობს, რომ ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების ჯერია, მოითხოვოს მკვლელის გადმოცემა და კანონიერად მისი დასჯა:
“ეს არის საქართველოს გამარჯვება და ეს იქნება საწინდარ იმისა, რომ დაფიქრდეს ვისაც ევალება, რუს ჯალათებს, რომ ასე ქართველი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ შერჩებათ მათ. ამავდროულად, იმედი გაჩნდა იმისა, რომ დაღუპული და სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი ადამიანების საკითხებიც დადებითად გადაწყდება… იქონიებს თუა რა ჩემი შვილის მკვლელების დასჯაზე გავლენას, დამოკიდებული იქნება უკვე საქართველოს სამართალდამცავებზე და ჩვენი ხელისუფლების ნებაზე. ახლა უკვე ხელში უჭირავთ ასეთი გადაწყვეტილება, შეუძლიათ კატეგორიულად მოითხოვონ მკვლელის გადმოცემა ქართული მხარისთვის და დასჯა კანონიერად. ” ამბობს ჯულიეტა ჭანტურია “მთავარ არხთან”.
მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ რაშიდ კანჯი ოღლი არაა დამნაშავე და კადრებში კარგად ჩანს კიდევ 4 შეიარაღებული ოკუპანტი, რომლებმაც დაუბრკოლებლად გადმოკვეთეს ე.წ. საზღვარი და მკვლელობის შემდეგ უკანაც დაუბრკოლებლად გაბრუნდნენ.
ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მნიშვნელოვანია მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს ის 14 წლიანი განაჩენი, რომელიც ქართულმა სასამართლომ ოკუპანტ მკვლელს დაუსწრებლად მიუსაჯა. მისივე თქმით, მკვლელების გადმოცემას, ხელისუფლება ყველა შეხვედრაზე უნდა ითხოვდეს.
შეგახსენებთ, ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.