ერთ წელიწადში კერძო სამედიცინო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა 50 ათასით გაიზარდა

ჯანმრთელობის კერძო სქემებში გაწევრიანებული ადამიანების რაოდენობა ერთ წელიწადში 50 ათასით გაიზარდა, რაც არაა ზრდის მცირე მაჩვენებელი, რადგან წინა წლებში ზრდის ტემპი უფრო დაბალი იყო.
ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კერძო სამედიცინო დაზღვევა 725 ათას მოქალაქეს აქვს.
„ჯანმრთელობის კერძო სქემებში გაწევრიანებული ადამიანების რაოდენობა 50 ათასით გაიზარდა. ამით დადასტურდა მოსახლეობის ნდობა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ, რომელიც დაზღვევის სხვა სახეობებს შორის ყველაზე მგრძნობიარეა. კერძო სამედიცინო დაზღვევამ უკვე მიიღო სოციალური სტატუსი,“ – აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.
მისი თქმით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებმა დაინახეს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ჯიბიდან ამოიღოს მკურნალობის მოულოდნელი ხარჯი, ამიტომ ურჩევნიათ ჯიბიდან, რეჟიმულად იხადონ სადაზღვევო პრემია და მშვიდად იყოს.
„სინამდვილეში დაზღვევის ყიდვა ხომ არაა ფინანსური რყევებისგან დაზღვევა, ესაა ჩვენი სიმშვიდის დაზღვევა. დაზღვეული ადამიანის ქცევაც კი, მაგალითად საჭესთან, განსხვავდება დაუზღვეველი ადამიანის ქცევისგან,“- განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მიზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 353.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 58 მილიონით მეტია.
მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მისივე მონაცემებით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 19% სარგებლობს. 30 სექტემბრის მაჩვენებლებით, საქართველოში 725,710 მოქმედი სამედიცინო დაზღვევის პოლისია, რაც თითქმის 53 ათასით აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებს.
jandacva.ge