ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება

13 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 116-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე მოითხოვენ ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის შეჩერებას.
ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა, 6 ნოემბერს კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ადგილობრივი მკვიდრი თამაზ გინტური მოკლა.
კირბალის ლომისის ეკლესია, რომლის სიახლოვესაც თამაზ გინტური მოკლეს, ოკუპირებულად 2018 წელს გამოაცხადეს. საოკუპაციო ხაზს, რომელსაც ცხინვალი საზღვარს უწოდებს, ს “ეფესბე” დარაჯობს.
58 წლის თამაზ გინტური, რომელიც ლომისაში თანასოფლელებთან ერთად იყო ასული, 6 ნოემბერს ე.წ. მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს; ხოლო გაიტაცეს მისი თანმხლები – ლევან დოთიაშვილი, რომლის გათავისუფლებაც სამ დღეში მოხერხდა.
ერგნეთის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება. საქართველოს ხელისუფლება დამნაშავის დასჯას მოითხოვს. შს სამინისტროს თანახმად, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც – განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, -ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – დღეს გაფორმდა აქტი „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, ეს ადამიანები ამ გარიგებებით დარჩენილ დროში რუსთავს „სისხლს გამოწოვენ“, მაგრამ „თაფლობის თვე“ მარტივად არ გაივლის