ენმ: მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს არ იზიარებს და პარტიის დაზიანების კამპანიას აგრძელებს. მათი თქმით, “ფაქტია”, რომ მელია ნაციონალურ მოძრაობას არ წარმოადგენს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ს ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.
მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში”. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა”, – აცხადებენ პარტიაში.
გუშინ ამ საკითხზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა კვირის ფორმულაში ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია “არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას”. ხაბეიშვილის თქმით, თუ მელია მორჩება ენმ-ის “დისკრედიტაციას, მზად იქნება მასთან სათანამშრომლოდ”.
ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი: “რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე” გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.