ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ემსიბი ჯორჯია" ფქვილზე ტარიფს მხარს უჭერს: „უსაფრთხოება მხოლოდ ჯარი არაა – შიდა აგროსექტორიც უნდა გაძლიერდეს“

"ემსიბი ჯორჯია" ფქვილზე ტარიფს მხარს უჭერს: „უსაფრთხოება მხოლოდ ჯარი არაა – შიდა აგროსექტორიც უნდა გაძლიერდეს“

მიუხედავად პურის მწარმოებლების ნაწილის უკმაყოფილებისა, პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ დირექტორი ალექსანდრე რატიშვილი ფქვილზე გაზრდილ საბაჟო ტარიფს მხარს უჭერს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.
აპრილიდან ფქვილზე საბაჟო ტარიფის ზრდამ პურის მწარმოებლების კრიტიკა გამოიწვია. მათი შეფასებით, ცვლილება ფასზე პირდაპირ აისახება, თუმცა რატიშვილის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყნის ეკონომიკური და აგრარული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
„სრულად მხარს ვუჭერ ამ ტარიფის არსებობას. ფქვილის იმპორტის დიდი ნაწილი რუსეთიდან ხორციელდება – ქვეყნიდან, რომელსაც გაუგებარი კანონმდებლობა და არაპროგნოზირებადი პოლიტიკა აქვს. ამაზე ჩამოკიდებული არ უნდა ვიყოთ“, – აცხადებს რატიშვილი.
მისი თქმით, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ადგილობრივი წარმოების შემცირებას იწვევს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის შიდა სტაბილურობას.
„ტარიფების შემოღებამდე საქართველოში წისქვილკომბინატები და ფერმები გაჩერდა, ხალხი დარჩა უმუშევარი. შედეგად, ქვეყნის სტრატეგიულ პროდუქტზე მხოლოდ ერთ მტრულ ბაზარზე აღმოვჩნდით დამოკიდებული“, – განმარტავს ის.
როგორც რატიშვილი აცხადებს, ფქვილის მარაგები ქვეყანაში მწირია, მწარმოებლებს კი დიდი მოცულობით შესყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ, მისი აზრით, ადგილობრივი წარმოების შენარჩუნება და გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„უსაფრთხოება მხოლოდ ჯარი კი არ არის – ეკონომიკური და შიდა უსაფრთხოებაც უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნავს ის და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, არ დაუშვან ადგილობრივი მეხორბლეობის დარგის დასუსტება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.