ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი ევროპელ და კანადელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს - უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ემანუელ მაკრონი ევროპელ და კანადელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს - უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპელ და კანადელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია - "ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა გვსურს უკრაინაში".
მისივე თმით, უკრაინის გვერდით "ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
“კიდევ ერთი გრძელი საუბარი მქონდა რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან, ასევე, კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია. ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა გვსურს უკრაინაში.
უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია და მე ვარ მისი გარანტორი.
ამ მიზანს ვიზიარებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომ დავასრულოთ აგრესიული ომი, რომელსაც რუსეთი თითქმის სამი წელია აწარმოებს.
მშვიდობისთვის ჩვენი ძალისხმევები შემდგომი პრინციპების თანახმად გაგრძელდება, ჩვენს ინტერესებშია:
უკრაინა ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს [მოლაპარაკებებში] და მის უფლებებს პატივი უნდა ეცეს.
მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს და თან ახლდეს მტკიცე და სანდო გარანტიები.
ევროპული უსაფრთხოების ინტერესები გათვალისწინებულ უნდა იქნას.
დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპისთვისა და თითოეული ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებისა და შესაძლებლობების გაზრდა.
გადაწყვეტილებები მომავალ დღეებსა და კვირებში იქნება მიღებული”, - წერს მაკრონი.
მაკრონის ინიციატივით გამართულ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ რუმინეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, კვიპროსი, ფინეთი, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ესტონეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, სლოვენია და ჩეხეთი.
ცნობისთვის, 17 თებერვალს გამართულ პირველ შეხვედრაში ემანუელ მაკრონის გარდა მონაწილეობას იღებდნენ: კირ სტარმერი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), ოლაფ შოლცი (გერმანიის კანცლერი), ჯორჯა მელონი (იტალიის პრემიერ-მინისტრი), პედრო სანჩესი (ესპანეთის პრემიერ-მინისტრი), დიკ სხოფი (ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი), მეტე ფრედერიკსენი (დანიის პრემიერ-მინისტრი), მარკ რუტე (ნატოს გენერალური მდივანი), ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი) და ანტონიო კოსტა (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი).

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.