ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელჩი წარმოადგენს მთავრობის პოზიციას და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს – გერმანიის საგარეო

ელჩი წარმოადგენს მთავრობის პოზიციას და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს – გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს სპიკერი „ქართული ოცნების“ განცხადებების პასუხად აცხადებს, რომ გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების შეფასება ნეტგაზეთმა სთხოვა, რაზე პასუხადაც სპიკერის განცხადება გამოგვიგზავნეს.
როგორც გერმანიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, მათთვის მიუღებელია საქართველოს პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლების ნებისმიერი ჩარევა ამ კუთხით.
გარდა ამისა, გერმანიის საგარეოს საქმეთა სამინისტროში მზარდი შეშფოთებით აღნიშნავენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების მზარდ აგრესიულ რიტორიკას ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ.
„გერმანია და ევროკავშირი არ მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპულ პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელებას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ შეცვალოს არსებული კურსი. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მასშტაბი და ინტენსივობა საფრთხეშია“, – აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კრიტიკული განცხადებების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ის საქართველოდან გასაწვევია. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა დიდი პატივი იქნებოდა. მისი თქმიით, ყველაზე სწორი სტატუსი არის, რომ საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.