ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ელენე ხოშტარიასთვის 1.5-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით შვედეთისა და ნორვეგიის ელჩების განცხადებებს გამოეხმაურა.
“არავითარი ელჩის საქმე არაა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩაერიოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს […] თუ აქამდე ისინი ცდილობდნენ, რომ საკუთარი დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები რამენაირად შეეფუთათ მაინც, ახლა ასეთი შეფუთვაც აღარ ხდება და პირდაპირ ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, სასამართლოზე და ამ გავლენის მოპოვების შედეგად, ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა მოიყვანონ, რასაც ისინი ვერასოდეს ეღირსებიან […]
თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია და პრობლემა აქვს, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები არსებობს. თუ ესეც არ დააკმაყოფილებთ, სტრასბურგის სასამართლო არსებობს”. – თქვა გორდულაძემ.
საქართველოში შვედეთის ელჩმა, ანა ლიბერგმა თქვა, რომ ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი კითხვებს აჩენს.
საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ბერლიო ჰოვლანდმა კი განაცხადა, რომ ხოშტარიასთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია.
კალაძის ბანერის “დაზიანებისთვის” ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, 24 მარტს გამოიტანა.
ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა “რუსული ოცნება”. მას პროკურატურა “სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე” 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.
პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.