მდინარაძესთან დაკავშირებით მე დავიწყე და ღარიბაშვილმა დაამთავრა – პირველი დღიდან ვამბობდი, რომ მდინარაძის პირადი პატიმარი ვიყავი, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მან პროცესზე, ასევე, ფიზიკურ დაზიანებებზე ისაუბრა, რასაც მისივე თქმით, „გამომძიებლის მხრიდან, რეაგირება არ მოჰყოლია“.
„გამოკითხვაზე დაბარებული არ ვყოფილვარ, პირდაპირ სპეცდანიშნულების რაზმით დამიჭირეს. არცერთი მაღალი თანამდებობის პირი ასე არ დაუჭერიათ. გასაგებია, პირველი დღიდან ვამბობდი, რომ მდინარაძეა დამკვეთი და მისი პირადი პატიმარი ვიყავი. გამომძიებელს ვკითხე, რატომ არ გამომკითხეთ-მეთქი და მიპასუხა, მოემზადებოდი და იმიტომო.
საშინლად ნაცემი ვიყავი. მარჯვენა მხარე მთლიანად დალურჯებული და დაზიანებული მქონდა და პირველად ვამბობ ამას ახლა საჯაროდ. აღწერილია ეს, როცა ციხეში შემიყვანეს და ასევე, „კაპეზეზე“, კადრში ჩანს, რომ ერთ ადგილას ვეცემი. ეს არის ტკივილისგან სიმწრით ჩაკეცვა, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს ყველაფერი დალურჯებული მქონდა. წარმოიდგინეთ, ქურთუკი მეცვა, შიგნით სვიტერი და მაინც დაკორტნილი მქონდა ხელები. ციხეში თბილისის პროკურატურიდან გამომძიებელი მოვიდა, შემოისეირნა, გამომკითხა, დაზიანებები ვაჩვენე, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეაგირება არ იყო. იმედია, ყველა ხვდება, რომ მე დავიწყე და ღარიბაშვილმა დაამთავრა მდინარაძესთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კილაძემ, რომელის განცხადებასაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სწორედ დანარჩენი პირების საქმისგან ცალკე წარმოებად გამოიყო კილაძის საქმის წარმოება.




