ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო

სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სადაც 142-ე პატრიარქს აირჩევენ, კენჭისყრის პროცესი დაიწყო.

კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი დაილუქა.

გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებმა პროგრამები უკვე წარადგინეს, ასევე სიტყვით გამოვიდნენ დელეგატებიც.

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცესს, ბიულეტენებზე შემოსახაზია სამი კანდიდატი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. შემოხაზვის შემდეგ, ბიულეტენი იდება კონვერტში და თავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე არის განთავსებული.

მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს +1 ხმა. ამ შემთხვევაში – 20 ხმა.შესაბამისად, თუ პატრიარქობის რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში კენჭისყრა გაიმართება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის.

შედეგს დღესვე ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გამოაცხადებს, რომელიც ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა. ასევე, დღესვე ინტრონიზაციის თარიღი გამოცხადდება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას კრების მიერ არჩეული ახალი პატრიარქი მიიღებს.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს

მიხაილ გალუზინი – თუ არ იქნება მზადყოფნა, რომ კიევის რეჟიმმა შეასრულოს ის შეთანხმებები, რაზეც მისი დასავლელი სპონსორები ჩვენთან შეთანხმდნენ, მაშინ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას