„საოცარია, ევროჩინოვნიკები ებრძვიან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
დეპუტატის თქმით, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყენებენ არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას, მაშინ როცა ორივე ქვეყანასთან ურთიერთობა პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია.
„საოცარია, ევროჩინოვნიკები ებრძვიან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც. ევროპარლამენტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია აქვს მიღებული, ჩვენს წინააღმდეგ კი 10. ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას, არადა ჩვენთანაც და აზერბაიჯანთანაც ურთიერთობა პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია. ვნახეთ, იტალიის მიერ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგორესურსების უწყვეტობასა და პროგნოზირებადობას. ერევანში გამართული ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ვნახეთ როგორი მაღალი ყურადღებით სარგებლობდა ენერგეტიკული უსაფრთხოების თემა, სადაც საქართველოს როლი გლობალურად იყო ხაზგასმული. რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა? ვფიქრობ, ამის მიღმა იმალება გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომლებსაც სურთ თავიანთი ინტერესებით მართონ თბილისიც და ბაქოც. ამ ჯგუფებს, არც დამოუკიდებელი თბილისი სურთ და არც დამოუკიდებელი ბაქო. იარაღად იყენებენ საერთაშორისო ზეწოლას, სანქციებით მუქარას და რეზოლუციებს. მათი იარაღია აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხიც, რომლის მსოფლმხედველობის შეცვლასაც ცდილობენ, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად აზროვნებს და კარგად ხედავს მიმდინარე პროცესებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.