ხუთი სპეცრაზმელის დაკავებაზე – სასიამოვნო გაოცება მაქვს, მაგრამ აშკარად ხდება რაღაც სხვა, რის გამოც გადაწყვეტილება მიიღეს

მართალი გითხრათ გამიკვირდა, არ ველოდი, სასიამოვნო გაოცება მაქვს. ნებისმიერი არგუმენტისა და მოტივაციის მიუხედავად, რამაც წელიწად-ნახევრის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, ეს კარგი ფაქტია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ასე ეხმაურება „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი,  ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის, დაკავებას.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ წელიწად-ნახევრის წინაც იცოდა, ვინ იყვნენ მოძალადეები, თუმცა ადრე მათი დაკავების პოლიტიკური ნება არ ჰქონდათ.

„ახალგაზრდა ბიჭის [ზვიად მაისაშვილი] ისტორიამ ყველა შეგვძრა, სულ თვალწინ მიტრიალებს საშინელი სცენა, როგორ გაიმეტეს. მგონი, ეს იმდენად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, ასევე გურამ როგავას ცემის ფაქტი და მისი სასიკვდილოდ გამეტება, რომ, როგორც ჩანს, მომწიფდა ეტაპი, მოცემულ პერიოდში აშკარად ხდება რაღაც სხვა, რომლის გამოც, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ვინ ჩაიდინა, მათ მაშინვე იცოდნენ, მაგრამ მაშინ არ იყო პოლიტიკური ნება, რატომ გაჩნდა ახლა, ამის ახსნა ზუსტად არ შემიძლია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ სპეცრაზმელების დაკავება არჩევნებისთვის სამზადისს უკავშირდებოდეს.

„უნდა დაენახა მას[ბიძინა ივანიშვილს], რომ როცა იმ ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკულად კლავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და შენ მკვლელებს ინახავ საკუთარ ოჯახში, შენ თანამონაწილე ხარ და შეიძლება აღარ უნდა ეს თანამონაწილეობა. შეიძლება არჩევნებისთვისაც ემზადებოდეს, არც ესაა გამორიცხული, არ ვიცი რომელი ვერსიაა სწორი. შეიძლება ეს მომენტია, რომ დაუდგა ეტაპი, დისტანცირდეს, დაშორდეს იმ შავ ლაქებს, რომელიც მას როგორც სასჯელი ისე აქვს, მასაც და მის ოჯახსაც. არ შეიძლება ეს მის შვილს, მის ოჯახს და მის გარემოცვას არ აწუხებდეს. ვნახოთ ამის გაგრძელება, შემდეგი ნაბიჯებით უფრო მივხვდებით, რამდენად სისტემურია შეცდომების და დანაშაულების გააზრება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.