ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას კალანდიასთან შესათანხმებლად დრო მისცა – ადვოკატი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მხარეს გუშინ ჩაბარდა – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება მიეცა 2024 წლის 14 თებერვლამდე, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადადის მე-3 ეტაპზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.
„ჩვენ აღნიშნული საქმე სტრასბურგში გავასაჩივრეთ, – „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“, საქმის მიხედვით, მოთხოვნილი მქონდა სამი მუხლით დარღვევა საქმეზე. პირველი იყო სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის უფლების დარღვევა, მეორე დარღვევა, როდესაც კალანდია წინასწარ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გამოაცხადეს დამნაშავედ, ვგულისხმობ საპარლამენტო კომისიას და მესამე, დაცვის უფლებების დარღვევა, როდესაც ბრალდებულს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეკითხა მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ადამიანები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 22 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას მიეცა შეთანხმების წინადადება კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე ვადაში. თუ ამ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადადის მე-3 ეტაპზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებზე: 1.განმცხადებელი უზრუნველყოფილი იყო თუ არა სამართლიანი სასამართლო უფლებით? 2. იყო თუ არა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ობიექტური და მიუკერძოებელი?
3. მიეცა თუ არა კალანდიას და მის ადვოკატს შესაძლებლობა დაეკითხათ ის მოწმეები, ვინც მის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას?
ეს სამი კითხვა არის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასმული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ჩემი სასაჩივრო მოთხოვნა რაც იყო, თავიდან ბოლომდე 90% დაკმაყოფილებულია, კიდევ უფრო მეტი“,- აღნიშნა ადვოკატმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება იმას, რომ კალანდია უნდა გათავისუფლდეს, ადვოკატი განამარტავს, რომ “მორიგება ყველაფერს ნიშნავს“.
„მე ხვალ უნდა შევხდე კალანდიას, მან ეს ინფორმაცია დღეს არ იცის. ხვალ გავივლი დეტალებს და მას შემდეგ შევძლებ მსჯავრდადებულის პოზიციის შესახებ ვისაუბრო”, – აღნიშნა ადვოკატმა.
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი