ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციან დელეგაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისინი დელეგაციას ამ ეტაპზე არსებულ დაკვირვების შედეგებს გააცნობენ.
„ეს არის სტანდარტული შეხვედრა, რომელიც ყველა არჩევნების წინ იმართება ხოლმე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არის და ცხადია, ჩვენი დაკვირვების შედეგებს, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, რა თქმა უნდა უნდა, გავაცნობთ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ორი ანგარიში გამოვაქვეყნეთ და იმ ძირითად მიგნებებს, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, გავაცნობთ.
დადებითიდან აღსანიშნავია ის, რომ არ არის ბევრი შემთხვევა, რაც გარკვეულ ძალადობას ან კამპანიის წარმოებაში ხელშეშლას უკავშირდება. იყო ცალკეული შემთხვევები, მაგრამ მასობრივი ხასიათი არ აქვს და კარგია. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, საკმაოდ მაღალია პოლარიზაციის ხარისხი. ამას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს: პირველ რიგში, ის რიტორიკა და საარჩევნო კამპანია, რასაც მმართველი პარტია ატარებს. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ თუ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, აკრძალავენ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს. ასევე, მიდის ღია ანტიდასავლური რიტორიკა და კამპანია, რაც რა თქმა უნდა, ტემპერატურას ზემოთ წევს. ასევე, ავადსახსენებელი “რუსული კანონი”, რომელიც ამოქმედებულია”, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
არსებული ინფორმაციით, დელეგაცია პრეზიდენტს უკვე შეხვდა.
ცნობისთვის, საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა.
ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.