ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კენჭისყრა PACE-ის სხდომაზე გაიმართა.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.
“ დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა, რაც შეესაბამება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, და მონდომებით დააჩქარონ საჭირო რეფორმები;
დაუყოვნებლივ დაასრულონ საპოლიციო სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევები, ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევები და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება დაასრულონ, და სრულიად სცენ პატივი გამოხატვისა და შეკრების უფლებებს…
გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე”, - ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე პროგრესის შესაბამისად, ასამბლეას საშუალება ექნება ხელახლა შეაფასოს საქართველოს დელეგაციის მანდატები (მათი შეჩერების შესაძლებლობით) 2025 წლის აპრილის სესიაზე.
ცნობისთვის, ასამბლეამ “ქართული ოცნების” დელეგატების მიერ წარდგენილი სამივე შესწორება უარყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.