ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან
„ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“, - ამ მოწოდებით თბილისში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იკრიბებიან.
სტუდენტების თქმით, ისინი გეგმავენ, რომ ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.
„არ ვშინდებით, არ ვიღლებით - ვიბრძვით. გელოდებით აქცია-პერფორმანსზე, ჩვენი მომავლის დასაცავად! ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ! “, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, თბილისში, 17:00 საათზე, აღნიშნული კანონის წინააღმდეგ შეკრებას სამოქალაქო საზოგადოება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივთან გეგმავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მიზანია, რომ ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა, პეკინის გამზირები და ასევე, გაგარინის მოედნის პარალიზება მოახდინონ.
ევროპის მოედანზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.