ევროკავშირში საქართველოს ელჩი – ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული და შეფასებული, რომ საქართველო არ დაელოდა წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, არამედ მყისიერად შეუდგა საქმეს

როცა ევროკომისიამ მიიღო ანგარიში და მკაფიო რეკომენდაცია გასცა, საქართველო არ დაელოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, 14 დეკემბერს და ნოემბრის თვიდან დაიწყო აქტიურად მუშაობა სამოქმედო გეგმასა და შემდგომ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან „ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული და შეფასებული, რომ საქართველო არ დაელოდა წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, არამედ მყისიერად შეუდგა საქმეს“.
„მინდა, ამავდროულად, გაგიზიაროთ ის უაღრესად ამაღლებული ემოცია და სიტუაცია, რაც მიმდინარეობდა უშუალოდ 14 დეკემბერს, რამეთუ იმ დროს, როდესაც ევროპული საბჭო შუმანის მოედანზე იღებდა გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პარალელურად ბრიუსელის და ბელგიის ყველა მთავარ მუზეუმში იყო ქართული კულტურისა და ხელოვნების ზეიმი. ზუსტად იმ საღამოს, იმ წუთებში, ერთ-ერთ მთავარ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა სუხიშვილების კონცერტი და ზოგადად, ბრიუსელში, მთლიანად ქალაქში, აეროპორტიდან დაწყებული ქუჩებით დამთავრებული, იყო საქართველოს შესახებ ინფორმაცია. ეს მერწმუნეთ, მართლაც ძალიან დიდი ემოციების მომტანი იყო.
რაც შეეხება მომავალს, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ როცა ევროკომისიამ მიიღო ანგარიში და მკაფიო რეკომენდაცია გასცა, საქართველო არ დაელოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, 14 დეკემბერს და ნოემბრის თვიდან დაიწყო აქტიურად მუშაობა სამოქმედო გეგმასა და შემდგომ ნაბიჯებზე. ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული და შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო არ ელოდებოდა წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, არამედ მყისიერად შეუდგა საქმეს. ეს სამოქმედო გეგმა შემუშავდა და გადაეცა ევროპულ მხარეს“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.