ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. მარეგულირებელი წესები ეხება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სისტემებს, მათ შორის ChatGPT-ს.
ევროპარლამენტი კანონპროექტს მომავალი წლის დასაწყისში უყრის კენჭს, თუმცა კანონმდებლობა მინიმუმ 2025 წლამდე არ ამოქმედდება.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესების შემუშავებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთსაც.
ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა საკანონმდებლო ინიციატივა შეაფასა, როგორც "ისტორიული" და თქვა, რომ ის ადგენს "AI-ის გამოყენების მკაფიო წესებს". ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება ხელს შეუწყობს ისეთი ტექნოლოგიის განვითარებას, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანების უსაფრთხოებასა და უფლებებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.