ევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას – Financial Times
Financial Times წერს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა უნგრეთს ჩამოართვან ხმის უფლება, რათა დაამტკიცონ შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ. აღნიშნული 14-15 დეკემბრის სამიტის დროს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს, რომ კანონის უზენაესობის დარღვევისთვის გამოიყენონ 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებები, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება დაბლოკოს ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ – “მაგრამ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს, რომ უნგრეთს აღარ ჰყავს გარანტირებული დამცველი”.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ქვეყანა ღელავს ამ მუხლის გამოყენებაზე, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი იარაღია წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.