ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები - Politico

გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების გეგმა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპოზიციური პარტიები, გაანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და დასავლეთს აიძულებს, მკაცრი საპასუხო ნაბიჯი გადადგას.
"ქართული ოცნების" გეგმის შესახებ Politico-სთან ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ისაუბრა. როგორც გამოცემა იტყობინება, სტანომ აღნიშნა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია გასულ კვირას, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით, რომელიც "ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალავას" ეხება.
"ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად. პლურალიზმი არის „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენი", - ამბობს პიტერ სტანო.
მისივე სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს:
"ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და მთავრობის რიტორიკას და მზად არის შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუკი ეს განცხადებები ამოქმედდება".
20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ოთხიდან პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება იყო.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება 5%-იანი ბარიერით. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 150 მანდატიდან 113-ის მიღებაა საჭირო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.