“ევროკავშირის წევრობა გადაწონის იმ ტკივილს და ფინანსური ხარჯების გაზრდას, რაც ევროდირექტივების შესრულების პროცესშია” – სოსო ფხაკაძე

ევროკავშირის წევრობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწონის იმ ტკივილს და ფინანსური ხარჯების გაზრდას, რაც ევროდირექტივების შესრულების პროცესში გვხვდება – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეიზდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ჩართული იყო ძალიან ბევრი ევროდირექტივის მომზადებაში და დღეის მდგომარეობით, ამ მიმართულებით, ბევრი რამ გაკეთდა.
„გვქონდა ხოლმე პაექრობა, კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ახლა რასაც ვუყურებ, თუ გადაჭარბებული არ გამოვა, ვიტყვი, რომ მე მგონი, ძალიან ბევრი რამე აქვს საქართველოს გაკეთებული. ასე რომ, ჩვენთვის ახალი ვალდებულებების შესრულება არ მგონია, რომ რამე დიდ სირთულეს წარმოადგენდეს. თუმცა, არც ერთი დირექტივა არ გვეუბნება და არ გვეტყვის, რომ რაღაც აუცილებლად ხვალ უნდა გაკეთდეს. ადაპტირების პერიოდი ყოველთვის რჩებოდა.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ზოგჯერ ის დირექტივა, რომელიც განხორციელდა, იწვევს ფინანსური ხარჯების გაზრდას, შეიძლება იყოს მტკივნეული ბიზნესისთვის, მაგრამ, როდესაც გაქვს ერთი მისია, ერთი ამოცანა და ეს ამოცანა ძალიან დიდია შენი ქვეყნისთვის – რაც არის ევროკავშირის გზაზე სიარული და საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობა – ეს იმდენად მნიშვნელოვანია, გადაწონის იმ ტკივილს და ფინანსური ხარჯების გაზრდას. ამიტომ, ჩვენ პრინციპში, ყოველთვის მხარს დავუჭერთ და გადავიხრებით ევროკავშირის გზისკენ. ძალიან მიხარია, რომ ამ გზას ჩვენ უკვე შევუდექით ძალიან სერიოზულად და სხვა ტემპებით“ – აცხადებს სოსო ფხაკაძე „ბიზნესპარტნიორთან“.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გარკვეული პირობებით გასცა.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკებები და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
bp.ge