ევროკავშირის წარმომადგენლობა - გერტ იან კოპმანი, გასულ სამშაბათს, შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა - ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი გასულ სამშაბათს უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გერტ იან კოპმანს რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან უკრაინის ჩათვლით, უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა კი, მათივე განმარტებით, დეზინფორმაციაა.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით.
გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა.
ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში).
ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას”,- აღნიშნავენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.