ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ედუარდ კოკოითი - საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს

ედუარდ კოკოითი - საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს

საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას.
„თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიების შესახებ ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს და ამავდროულად, დღის წესრიგში საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსოს, გუდოსა და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხი დააყენოს”, - წერს კოკოითი „ტელეგრამის“ არხზე.
კოკოითი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც ასეთი თამამი განცხადება გააკეთა.
„ივანიშვილის განცხადებაში არსებითად ახალი არაფერია. მე 2008 წლიდან ვამბობ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. ყველაფრის აშშ-სა და უტვინო სააკაშვილზე გადაბრალების მცდელობა წარუმატებელი და არაშორსმჭვრეტელურია. პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი გახდა“, - აღნიშნავს ედუარდ კოკოითი.
მისივე თქმით, საქართველოსთან მშვიდობა რუსეთის პირობებით უნდა იყოს.
„საქართველოსთან მშვიდობა ზუსტად რუსეთის პირობებით უნდა იყოს, რათა საქართველომ და სამხრეთ კავკასიის სხვა მეზობელმა სახელმწიფოებმა არარეგიონული ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესების გამო რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე არ შეუქმნან“, - აცხადებს კოკოითი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.