ედუარდ კოკოითი: გვაქვს პრეტენზიები გუდაურზე და თრუსოს ხეობაზე

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა გორში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შესახებ. კოკოითის თქმით, მას გაუხარდა, რომ საქართველოში არსებობენ "პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან".
"ივანიშვილის განცხადებამ გამახარა, ვიფიქრე, არსებობენ ისეთი პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან. მაგრამ ეგრევე, რამდენიმე დღეში, მისი პარტიის გენერალურმა მდივანმა სხვა განცხადება გააკეთა - რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში თავისი სამხედრო ბაზებიდან ჯარი უნდა გაიყვანოს."- თქვა კოკოითმა.
მარიონეტული რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტი ისევ შეეხო ტერიტორიულ საკითხს. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად საქართველომ ჯერ საჭირო შეთანხმებებს უნდა მოაწეროს ხელი და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს მისი კუთვნილი ტერიტორიები "დაუბრუნოს"
"საქართველო დღეს ჩვენი მტერია, ის არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებას ხელს არ აწერს. ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, თუმცა სანამ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, მოდით, ჯერ ხელი მოვაწეროთ ძალის არ გამოყენების შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები და ჩვენი მხრიდან თრუსოს და გუდოს ხეობის საკითხს მთელი სერიოზულობით დავაყენებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს უბრალოდ ის ტერიტორიებია, რომლებიც საქართველოს მხარეს გადაეცა.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოსაყოფად და რომ სოხუმს მონაკოდ გადააქცევენ. თავისი საქართველო გახადონ მონაკო, ჩვენ რუსეთთან ერთად, როგორმე თვითონ მოვგვარდებით". - დასძინა მან.
14 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, გორში სიტყვით გამოვიდა:
"დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხისსურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.