დღეს, 12 აგვისტოს, რიკოთის ახალი, ყველაზე გრძელი გვირაბი გაიხსნა – ძველი გვირაბი იხურება სარემონტოდ
დღეს, 12 აგვისტოს, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე გაიხსნა ახალი, 1800 მეტრიანი გვირაბი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ის არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე დიდია.
ძველი, ისტორიული გვირაბი დროებით დაიხურება სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. სამინისტროს ცნობით, იგეგმება გზის საფარის განახლება, გამოიცვლება სანათები და დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
“ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტრო სისტემით. რა თქმა უნდა, სავენტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაც.
“რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება”, – განაცხადა ქარსელაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ფუნქციონირებს რიკოთის მაგისტრალის ახალი, 36-კილომეტრიანი მონაკვეთი. იგი მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. ჯამში, უღელტეხილზე უნდა აშენდეს 52 კილომეტრის სიგრძის 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.