ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეიდან რუსული კანონი ამოქმედდა

არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა.
კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.
დღეიდან რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაა, რეალურად კი, რუსული და უნგრული პრაქტიკების გათვალისწინებით, კანონი ბერკეტია ხელისუფლებისთვის კრიტიკული აზრის ჩასახშობად.
კანონით გათვალისწინებულია, რომ "უცხოური ძალის გამტარ ორგანიზაციად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. ფიზიკური პირი შეიძლება მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის არმიწოდებისთვის დაჯარიმდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოცნების მიერ რეგისტრირებულ "აგენტების" ბაზაში არ დარეგისტრირდებიან.
რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის შედეგად მმართველმა პარტიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ, თუმცა ერთი წლის თავზე, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტიამ კანონის ინიცირების შესახებ კვლავ განაცხადა. დაინიციირდა ზუსტად იგივე კანონპროექტი ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა "უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.