დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ უკრაინელ ქალს ტერაქტის ბრალდებით შვიდი წელი მიუსაჯა
დონის როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ ზაპოროჟიეს რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერაქტის მომზადების ბრალდებით უკრაინის მკვიდრ ირინა კულიშს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და 15 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. ტერაქტის ბრალდების გარდა, მას ბრალი ნარკოტიკების გასაღების მიზნის გარეშე შენახვაში ედებოდა.
რუსეთის პროკურატურის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში კულიში დათანხმდა უცნობი პირის წინადადებას, ჩაეშალა ფიქციური რეფერენდუმი ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთთან ანექსიის შესახებ, რაც გახდა რეგიონის დეკლარირებული ანექსიის ფორმალური საფუძველი.
კულიშმა ამ მიზნით თითქოსდა "შეიძინა ასაფეთქებელი მოწყობილობაა", რომლის ტრანსპორტირებაც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ველოსიპედით სცადა, რა დროსაც იგი დააკავეს.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, სწორედ როსტოვის სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლოს განიხილავს ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების საქმეებს და გამოაქვს განაჩენები. პატიმრებმა არაერთხელ განაცხადეს წამების შესახებ.
· ივლისის დასაწყისში, აღნიშნულმა სამხედრო სასამართლომ ანექსირებულ ყირიმში, იალტასთან ახლოს, კორეიზში გაზსადენზე აფეთქების საქმეზე უკრაინის მოქალაქე სერგეი ერშოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
· ივნისში დონის როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ ოკუპირებული უკრაინული მელიტოპოლის მკვიდრი იაროსლავ ჟუკი დამნაშავედ ცნო აფეთქების ჩადენაში, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა. ჟუკს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან პირველ 4 წელს მსჯავრდადებული მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში იხდის, სადაც ჟუკის თქმით იგი აწამეს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.