დიმიტრი სამხარაძე: ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის, „ასავალ – დასავალის“ დონეზე დაეშვა

ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს.

როგორც დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, „ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის, „ასავალ – დასავალის“ დონეზე დაეშვა“.

„მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან „ქართული ოცნების“ და პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო – მე, როგორც პარტიის რეგიონულ მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია.

მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის, „ასავალ – დასავალის“ დონეზე დაეშვა. ცხადია, მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არც ერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს – ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.

და ბოლოს, „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს მივმართავ: სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ჩვენი თითოეული დღე არის ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნების, ამ ძვირფასი მონაპოვრის გაფრთხილების პროცესი, ხოლო ამ რთულ გზაზე ნანახი არაერთი ღალატის საპირწონეა ის ერთიანობა, რასაც ჩვენ, „ქართული ოცნების” ნამდვილი ჯარისკაცები ვაჩვენებთ ერთმანეთს და ამ მტკიცე ერთობით ვამაგრებთ ჩვენს სამშობლოს“,- წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ