დიდი იმედი მაქვს, საქართველო არ მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს - ოლაფ შოლცი კობახიძეს
„დიდი იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ე.წ აგენტების შესახებ კანონს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
ლიდერები ერთმანეთს პარასკევს, 12 აპრილს, შეხვდნენ.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება „არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მოქალაქეების სრული უმრავლესობის დიდი სურვილი გახლავთ“.
მან ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, - თქვა, რომ გერმანია იმთავითვე უჭერდა მხარს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას და ბერლინისთვისაც მნიშვნელოვანია 2023 წლის დეკემბერში ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გამხდარიყო საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრობლემებზეც ვლაპარაკობთ“, - განაცხადა შოლცმა და ამის შემდეგ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გატარების“ შესახებ.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“, - განაცხადა კანცლერმა შოლცმა და დასძინა, რომ შარშანდელი ვერსია, „პრაქტიკულად, არ შეცვლილა“.
„დიდი იმედი გვაქვს, საქართველო ამ ცვლილებებს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.
ამავე ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაიცვა „აგენტების კანონი“ და განაცხადა, რომ მისი გუნდის პოზიცია მყარია:
„ჩვენი პოზიცია მყარია. ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს, არის არასამთავრობოების მხრიდან ფინანსების ყოველწლიურად გასაჯაროება. ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების გასაჯაროება მათ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა მან,
„თუ მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, - რაც გასულ წელს არ გამართულა, - ჩვენი პოზიცია მყარი იქნება, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია“, - თქვა პრემიერმა კობახიძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 11 აპრილს თქვა, რომ „გერმანია შეშფოთებულია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, რადგან ის შეუსაბამოა ევროკავშირის პრაქტიკასთან.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს“, - განაცხადა მან.
„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.
ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები, - პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.