დიასპორის ხელმძღვანელმა კურსკის ოლქში მებრძოლ ქართველებს „იარაღის დაყრისკენ“ მოუწოდა
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქი უკრაინის შეირაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობაზე, მან მებრძოლებს მოუწოდა „დაყარონ იარაღი და თავის ოჯახებს დაუბრუნდნენ“.
„ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ახორციელებს თავის საქმიანობას ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ქართველები რუსეთში, ყველა ერთან ერთად, მშვიდობიანად და მეგობრულად უქმნიან უკეთეს მომავალს შვილებს. კურსკის ოლქში ქართველი ეროვნების დაქირავებულთა გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ არის მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარონ იარაღი და დაუბრუნდეთ ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი და თქვენ არ ხართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საქართველოს დროშას აფრიალებთ. მე პირადად ჩამოვალ კურსკში და გადავუდგები იმ ტყვიებს, რომლებსაც რუსებს ესვრით“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
ტელეგრამის არხის „რუსეთის ქართული თემის“ ცნობით, ცეცხლაძე ახლა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში იმყოფება, საიდანაც კურსკის ოლქში წასვლას აპირებს.
ქართული დიასპორის ხელმძღვანელი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და ემხრობა რუსეთის ომს უკრაინაში.
კურსკის ოლქში შეტევით ოპერაციაში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის შესახებ უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელზე ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძეზე დაყრდნობით გახდა ცნობილი. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო მებრძოლის გიორგი ფარცვანიას მონაწილეობით, რომელიც გადაღებულია ბელგოროდის ოლქის სოფელ პოროზში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში აფხაზური და ოსური ძალები გადაისროლა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.