"დე ლაურენტისი კვარაცხელიას ტრანსფერზე ხელებს იფშვნეტს - გაუძლებს ცდუნებას?" - იტალიური მედია
თითქმის ყველა იტალიური გამოცემა "ნაპოლიში" ცვლილებებზე წერს, რომელსაც მალე ანტონიო კონტე ჩაუდგება სათავეში და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალიც გაირკვევა.
"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, კონტე კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას და სტანისლავ ლობოტკას შენარჩუნებას მოითხოვს და ქართველს შეიძლება 7-ნომრიანი მაისური გადასცენ.
"რეპუბლიკა" წერს, რომ კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ელ ხეილაიფიმ "ნაპოლის" 100 მილიონი ევრო შესთავაზა და დე ლაურენტისი ხელებს იფშვნეტს, რამეთუ "კვარას" და ვიქტორ ოსიმენის გასხვისებით 230 მილიონის მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა
გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობს. ერთი სიტყვით, ძნელი სთქმელია, გაუძლებს თუ არა ცდუნებას.
ტრანსფერებიდან მიღებული თანხით, მას თავისუფლად შეუძლია შემტევების შეძენა და პორტუგალიური "ბოლას" ცნობით, ერთ-ერთი მათგანი პედრო გონსალვესია (სპორტინგი). აგრეთვე განიხილება ფედერიკო კიეზას (იუვენტუსი) და ალბერტ გუდმუნდსონის (ჯენოა) კანდიდატურები. ნიგერიელის შემცვლელად კი რომელუ ლუკაკუს (რომა) დამატებას გეგმავენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.