„დელტამ“ ბოლო წლებში ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ათზე მეტი მოდიფიკაციის მოდელი შეიმუშავა – „დელტას“ გენერალური დირექტორი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ტრადიციულად, აქტიურად არის ჩართული სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. კომპანიამ ბოლო წლებში ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ათზე მეტი მოდიფიკაციის მოდელი შეიმუშავა: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი მოდელი აბსოლუტურად განსხვავებულია ტექნიკური სპეციფიკაციით, ყოველი მათგანი კონკრეტული მოთხოვნებისა და დაკვეთების შესაბამისად შეიქმნა“, – განაცხადა „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა დავით ახვლედიანმა. მან თავის გუნდთან ერთად წელს, ეროვნულ დღესასწაულზე საზოგადოებას განსხვავებული დიზაინის მქონე, დიდგორების თანამედროვე ოჯახის წარმომადგენელი, „დიდგორი მეომარი“ წარუდგინა და სამომავლო გეგმებსა და წარმოების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დავით ახვლედიანის განცხადებით, „დიდგორი მეომარი“ განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და მისი საიმედოობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი: „მანქანა აღჭურვილია სხვადასხვა სახის ულტრათანამედროვე საბურავების დაბერვისა და ხანძრის ქრობის სისტემებით, ხასიათდება საწვავისა და საბრძოლო მარაგის გაძლიერებული სისტემით, გაუმჯობესებულია ეკიპაჟის განთავსების ადგილები“.
„დელტას“ გენერალურმა დირექტორმა მედიასთან სხვა მოდელების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველა მათგანი არსებული საჭიროების გათვალისწინებით, ქართული ჯარის დაკვეთით არის წარმოებული, რაზედაც, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სპეციალისტების ერთობლივმა ჯგუფმა იმუშავა.
დავით ახვლედიანმა საქართველოს მოსახლეობას ეროვნული სამხედრო მრეწველობის საექსპორტო პოტენციალიც გააცნო და აღნიშნა, რომ „დიდგორი მეომარი“, რომელიც 2024 წელს დაპროექტდა და სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, საექსპორტო მოდელია. მისი განცხადებით, „დელტას“ გუნდისთვის ეროვნული სამხედრო მრეწველობის ნამუშევრების გამოფენა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით