ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაიწყოს გამოძიება „ციხის ბუნტის“ საქმეზე „ოცნების“ დეპუტატ მიქანაძის წინააღმდეგ - გოგიჩაიშვილი - Netgazeti • გივი მიქანაძე • ლევან გოგიჩაიშვილი • Netgazeti.ge

დაიწყოს გამოძიება „ციხის ბუნტის“ საქმეზე „ოცნების“ დეპუტატ მიქანაძის წინააღმდეგ - გოგიჩაიშვილი - Netgazeti • გივი მიქანაძე • ლევან გოგიჩაიშვილი •  Netgazeti.ge

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2005-2007 წლებში, გივი მიქანაძე მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას უწევდა კურირებას.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ვინაიდან 2006 წლის 27 მარტს ე.წ. ციხის ბუნტის დროს გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.
„2024 წელს ივანიშვილის „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, ისევ „ნაცების“ გასამართლებაა, ისიც მხოლოდ არჩევნების შემდეგ.
2006 წლის 27 მარტს, საქართველოს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ „ციხის ბუნტის“ დროს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული ქაოტური გასროლის შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი. პატიმრების მიმართ სიცოცხლის ხელმყოფი და არაადამიანური მოპყრობის ქცევები სპეცრაზმელთა მიერ გაგრძელდა ბუნტის ჩახშობის შემდეგაც.
ბაჩო ახალაია, რომელიც მეთაურობდა ე.წ. „ამბოხის“ სისხლიან ჩახშობას, იყო იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. მითითებული გარემოებები დადასტურებულია, როგორც სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის 02 აპრილის, ასევე საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, მიქანაძის შესახებ ინფორმაცია აქამდეც იყო საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის და აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.
„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ოცნების იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომლებიც თავის დროზე ემსახურებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გასამართლების კამპანიაში იღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გახარიას პარტიის მოთხოვნის შემდეგ, ნეტგაზეთი გივი მიქანაძესთან დაკავშირებას ცდილობს და მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.