დააკავეს პირი, რომელსაც თელავში 2 კაცის მკვლელობას ედავებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 24 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა თ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 1995 წელს დაბადებულ ა.გ-ს და 1972 წელს დაბადებულ კ.ზ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს აცხადებს, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.