გურამ ოქროპირიძე – ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა კოალიციაზე და კოალიციურ მთავრობაზე ვისმენ განცხადებებს იმ გუნდის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც საკუთარ გუნდში ერთი დიდი მიზნის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლეს

ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა კოალიციაზე და კოალიციურ მთავრობაზე ვისმენ განცხადებებს იმ გუნდის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც საკუთარ გუნდში ერთი დიდი მიზნის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლეს, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე განცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს 2024 წელს – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.
გურამ ოქროპირიძემ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა.
„ერთი რაღაც გვავიწყდება, ამ ქალაქში იმ პრობლემებს შეეხო, რომლებსაც, ფაქტობრივად, ათეულობით წელია არავინ შეხებია. არავის გიხსენებიათ ის, რომ მიწის ზედა სამუშაოები ძალიან მალე შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ რა მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამას არავინ ახსენებს. ამის არშეცვლა და ისე დატოვება იქნებოდა დანაშაული. დედაქალაქის მერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ გამზირის რეაბილიტაცია პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება“, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
როგორც გურამ ოქროპირიძემ განაცხადა, ძალიან ცუდი ტენდენციაა, როცა ვიღაცის ოჯახის წევრების სახელებს და გვარებს ახსენებენ.
„2024 წელს დედაქალაქში 1 963 000 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. წლის განმავლობაში ეს ციფრი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. მთავარი მიზანი საკრებულოში, ჩემი აზრით, არის ის, რომ ამ თანხის რაციონალურ ხარჯვაზე ვიმსჯელოთ და არა პოლიტიკური შოუები და იაფფასიანი პიარ სტრატეგიები ვიხილოთ“, – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
დღესვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა კოალიციაზე და კოალიციურ მთავრობაზე ვისმენ განცხადებებს იმ გუნდის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც საკუთარ გუნდში ერთი დიდი მიზნის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლეს. ხომ იყო თქვენი მიზანი ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ როგორც კი ფული და ძალაუფლება გამოჩნდა, მაშინვე დაიშალეთ“, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
ოქროპირიძემ სტაჟირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა თბილისისათვის“ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. მისი თქმით, 2022 წლიდან სტაჟირება საჯარო სამსახურში სამუშაო გამოცდილებად ითვლება, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კი სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა.
„ის, რასაც თქვენს ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდებით, უკვე შესრულებულია. სანამ რაღაცას ჩაწერთ დაპირებებში, ჯერ საკანონმდებლო ბაზას გაეცანით. გასულ წელს 4000-ზე მეტმა სტუდენტმა დედაქალაქის მერიისგან მიიღო დაფინანსება. 5000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებში. იწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რამდენიმე მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნება. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სიკეთეებისა, რომლებსაც მუნიციპალიტეტი გვთავაზობს“, – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ