გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

“ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია, Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ, იუნუს ომარჯის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ძლიერი საქართველო” ავრცელებს.
მათივე ცნობით, Euronest-ის ფარგლებში, გრიგოლ გეგელიამ სიტყვით მიმართა ასამბლეის წევრებს, შეხვდა ევროპარლამენტარებს – სერგეი ლაგოდინსკის, რასა იუკნევიჩიენეს, დან ბარნას, რიჰო ტერასს, ოლივერ შენკს. ასამბლეის მსვლელობისას, გეგელია ასევე შეხვდა ევროპული კომისიის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს.
„ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრებისას განიხილეს საქართველოში არსებული „მძიმე პოლიტიკური ვითარება, შეცვლილო საგარეო კურსი, პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები“.
“ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტები სრულად დგანან ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის ხმა შესმენილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი პროტესტისა და ბრძოლის სახელით, რასაკვირველია კიდევ ერთხელ მოვუწოდე, ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო მეტი კონკრეტული ქმედებისა და მხარდაჭერისკენ”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია