„გორჩაკოვის ფონდი“ ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში უფასო სტაჟირების პროგრამებზე იწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს დაფუძნებული „გორჩაკოვის ფონდი“ ქართველებს რუსეთში უფასო სტაჟირების პროგრამებზე იწვევს. განცხადება ქართულ და რუსულ ენებზე საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ დღეს, 12 აგვისტოს, ომიდან მე-17 წლისთავზე გაავრცელა.
„გორჩაკოვის ფონდი აცხადებს სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღებას შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ბირთვული ტექნოლოგიები და საერთაშორისო ურთიერთობები. აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება არჩეულ სფეროში და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო დიალოგის განვითარებაში!“ – წერია განცხადებაში.
ტრენინგები ეტაპობრივად გაიმართება, 20 ოქტომბერს დაიწყება და 15 დეკემბერს დასრულდება.
„ორგანიზატორები ფარავენ მონაწილეთა მგზავრობისა და განთავსების ყველა ხარჯს, ასევე გარანტიას იძლევიან სტიპენდიის გადახდას პროგრამაში მონაწილეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„გორჩაკოვის ფონდს“ ქართველი ახალგაზრდების ყურადღების მიქცევა მანამდეც უცდია. 2018 წელს თბილისში „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული „ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. მაშინ „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ფორუმის მომზადების პროცესში წააწყდნენ „ორგანიზატორების მიმართ არამოტივირებულ აგრესიას ცალკეული პირების და მედიის მხრიდან, რაც მიმართულია ღონისძიების ჩაშლისკენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია