გიორგი შარაშიძე: ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე – დიახ, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, რატომ გამოვიდა ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან – ყველაფერს დავარქვათ სახელი

ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე. დიახ, თქვენ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას მოგეთხოვებათ პასუხი, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ახორციელებს.

„ნაცვლად იმისა, რომ გვიწევდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება, ვკამათობდეთ რა უნდა ყოფილიყო გაკეთებული უკეთ, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროებში, სამწუხაროდ, გვიწევს „ოცნების“ მთავრობას და მის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენი მოქალაქეების გასაგონად: ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე.

ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! დიახ, თქვენ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას მოგეთხოვებათ პასუხი, რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, როდესაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციისთვის.

დღეს საპირისპირო რეალობა გვაქვს, „ქართული ოცნება“ არა თუ არ იცავს საქართველოს კონსტიტუციას, არამედ უხეშად არღვევს მას, როდესაც ახორციელებს ისეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, რომელიც შეუსაბამოა ევროკავშირის მოლოდინებთან, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ.

„სიმართლეა ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს, როდესაც მან კანდიდატის სტატუსი მიიღო“- ეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის სიტყვებია და სამწუხაროდ რთულია, მეტიც, შეუძლებელია არ დაეთანხმო მას“,- აღნიშნავს გიორგი შარაშიძე.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს „პროგრესი“, ეს არის დეზინფორმაციის გავრცელება და ანტიევროპული რიტორიკა, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში შიშის და უნდობლობის დანერგვა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ.

„სახეზეა არამარტო დემოკრატიული უკუსვლა, არამედ ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერება. საქართველო სრულიად დაშორდა ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, როგორიც არის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო და დემოკრატიული მმართველობა. ერთადერთი, რაშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს „პროგრესი“, ეს არის დეზინფორმაციის გავრცელება და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური პროპაგანდა, ანტიევროპული რიტორიკა, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში შიშის და უნდობლობის დანერგვა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, დიდი ევროპული ოჯახის მიმართ, რომლის წევრობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია.

ქალბატონო მაკა, მოგიწევთ უპასუხოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ კითხვებს და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს: რატომ ღალატობთ საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რაც რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებას, საქართველოს ევროპულ დემოკრატიულ მომავალს უკავშირდება. გაქვთ თუ არა დარჩენილი მცირე რესურსი, პოლიტიკური ნება, ან კომპეტენცია, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველომ შეძლოს და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას“,- აღნიშნავ შარაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მზექალა შანიძე: გაუთავებელი დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი არის ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარება