თუ ახლა, ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, ის სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე მკაცრად იქნებიან გასამართლებულები და დასჯილები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად ჩამოყალიბდა „ქართლი ოცნება“, რომელიც ერთ დროს ქართველი ხალხის უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში“.
„თუ ახლა ბატონ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვებების სერიით, რომელიც მან დაიწყო, ის სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება. აქ მთავარი ისაა, რომ არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ბატონი მდინარაძე, ბატონი კობახიძე, მათ მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა, იქნებიან მკაცრად გასამართლებულები და დასჯილები – დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების პირობებში, თუ ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს მკაცრი სასჯელი მათ ქართველი ხალხისგან და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან ელით და ამ სასჯელისთვის ისინი უნდა მოემზადონ.
რაც შეეხება „ოცნებაში“ დარჩენილ სხვა წევრებს – მათ თუ ჰგონია, რომ ქართველი ხალხი ვერ ხვდება, რომ იქ ანგელოზი არავინაა და როდესაც მათი ლიდერები ასეთი დამნაშავეები არიან, თვითონ რამით განსხვავდებიან, ძალიან ცდებიან. იმ პარტიისგან სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა გვქონოდა?! ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რასაც ვხედავთ ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ჩაშვებების და დასმენების ახალი სერიებით,“ – აღნიშნა შარაშიძემ.
რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი კითხვები რჩება“ – როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთზე უარესები არიან და „თვითმკვლელობებიც არ არის გასაკვირი“.
„რა თქმა უნდა, ამას პირველ რიგში, თავისუფალი და სამართლიანი გამოძიება სჭირდება. ერთადერთი, რაც შემიძლია თვითმკვლელობების შესახებ გითხრათ, ისაა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ არა თუ არაფრით განსხვავდებიან, არამედ ერთმანეთზე უარესები არიან. ჩვენ კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარი არაერთი თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, და ამ სიას ემატება „ოცნების“ პერიოდში ასევე გამოუძიებელი და ბურუსით მოცული თვითმკვლელობები. ეს არის სამწუხარო რეალობა, როგორ აგრძელებს ბევრ რამეში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას დღევანდელი „ოცნება“. რადგან ვიცით და ამას ქართველი ხალხიც ხვდება, რომ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უკვე არანაირი სხვაობა არ არის და ისინი ერთმანეთზე უარესები არიან, სამწუხაროდ, ეს თვითმკვლელობებიც არ არის გასაკვირი. რა გზასაც ადგა და რა ხელწერაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმავეს აგრძელებს „ოცნება“,“ – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.
ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ “ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”.
“თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, “რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?” და ამბობს, რომ საზოგადოებაში “დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.




