თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი:
ღია წერილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ბატონ სეიედ ალი მოჯანის! Embassy of Iran in Tbilisi, Georgia
ბატონო ელჩო, თქვენი ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც ქეთევან დედოფლის ისტორიის “ხელახალი გააზრების” მიზნით საკუთარი კვლევის გამოქვეყნებას აპირებთ, ჩემთვის, როგორც ქართველი თეოლოგისა და ისტორიის საკითხებით დაინტერესებული ადამიანისათვის, უბრალოდ აკადემიური ინიციატივა კი არა, პროვოკაციული და ავანტურისტული თავხედობით ნასაზრდოვები განზრახვაა!
წმ. ქეთევან დედოფალი არ არის მარტოოდენ ისტორიული ფიგურა, რომლის ტრაგედიაც შეიძლება დიპლომატიური კომფორტის, სახელმწიფოთაშორისი კეთილგანწყობის ან თანამედროვე პოლიტიკური ნარატივის საჭიროების მიხედვით ხელახლა დაიწეროს, რადგან ქეთევან დედოფალი არის მოწამე!
მისი მოწამეობის ისტორია პირველ რიგში არ ეკუთვნის არც საქართველოს სახელმწიფოს, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არც ეკლესიას, არც დიპლომატს და მით უმეტეს, არც რომელიმე თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიულ თვითგამართლებას. იგი ეკუთვნის სიმართლეს, ღირსებასა და ჭეშმარიტებას.
თქვენ აცხადებთ, რომ ისტორიული მეხსიერების შესახებ “არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს”. დიახ, ისტორიოგრაფიაში წყაროების კრიტიკული შესწავლა აუცილებელია, მაგრამ წყაროთა არსებობა არ ნიშნავს, რომ ყველა ინტერპრეტაცია თანაბრად დასაბუთებულია. აკადემიური სკეპტიციზმი არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ დოკუმენტირებული პასუხისმგებლობა ხელოვნურად გააბუნდოვანოთ.
ქეთევან დედოფლის ტყვეობა, მისი ქრისტიანობის უარყოფის მოთხოვნა, უარი ისლამის მიღებაზე და მისი სასტიკი წამებით სიკვდილი შირაზში 1624 წლის 12 სექტემბერს ისტორიულ წყაროებში არის დადასტურებული. ქართული ენციკლოპედიური წყარო პირდაპირ მიუთითებს, რომ შაჰ აბასმა იმამ-ყული ხანს უბრძანა დედოფლისთვის ისლამის მიღება ან მისი წამებით მოკვლა; ქეთევანმა უარი განაცხადა და სიკვდილით დასაჯეს.
რა არის აქ გასაკვირი, თქვენთვის უჩვეულო და სარევიზიო, როცა იგივეს აკეთებთ თანამედროვე ირანში ქრისტიანებისა და ზოგადად განსხვავებულად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანების მიმართ და ათიათასობით ადამიანს, ალლაჰის სახელით, ნონ-სტოპ რეჟიმში სიკვდილით სჯით, ხან ჩამოხჩობით და ხანაც დახვრეტით! დიახ, თქვენ და თქვენი სახელმწიფოს ამჟამინდელი რეჟიმი ხართ მსოფლიო ტერორიზმის, აგრესიის, სიძულვილისა და რელიგიური ფანატიზმის ყველაზე უფრო შეშლილი და ბრუტალური სახე, ამიტომ ხელები შორს ჩვენი წმინდანებისგან!
თანამედროვე აკადემიური კვლევაც ამ საკითხს არ ტოვებს იმ ბუნდოვანებაში, რომელშიც თქვენი განცხადება ცდილობს მის მოქცევას. “ქემბრიჯ იუნივერსითი ფრესის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც ქეთევანის წამება და სიკვდილი პირდაპირ არის განხილული შაჰ აბასის მმართველობის ძალადობის კონტექსტში.
ამიტომ, ბატონო ელჩო, სანამ “ისტორიის ხელახალ გააზრებაზე” მზაკვრულად დაგველაპარაკებით, ერთი მარტივი კითხვა უნდა დავსვათ: რას ვაახლებთ – ისტორიულ ცოდნას თუ ისტორიულ პასუხისმგებლობას?
თუ ახალი პირველწყარო გაქვთ, რაიმე სპარსულენოვანი დოკუმენტი, რომელიც აქამდე უცნობია, ან ეწინააღმდეგება ცნობილ წყაროებს – გამოაქვეყნეთ, სრული ტექსტით, თარიღით, არქივის მითითებით, ფონდითა და კატალოგის ნომრით.
ამასთან, თუ გაქვთ ახალი მტკიცებულება, ქართველ ისტორიკოსებს მიეცით მისი დამოუკიდებლად შესწავლის შესაძლებლობა, მაგრამ ნუ ჩაანაცვლებთ მტკიცებულებას უტიფრული, ფსევდოდიპლომატიური რიტორიკით!
სხვათაშორის, ამ წერილის დაწერა კიდევ ერთმა გარემოებამ გახადა აუცილებელი.
2026 წლის თებერვალში ირანის საელჩოს ღონისძიების მოწვევაში 1616 წელი წარმოდგენილი იყო როგორც ირანში ქართველთა “ემიგრაციის” 410-ე წლისთავი (როგორ ბედავთ საერთოდ?!). სწორედ ეს ფორმულირება გახდა კრიტიკის საგანი, რადგან 1616 წელი დაკავშირებულია შაჰ აბას I-ის მიერ კახეთზე განხორციელებულ სამხედრო კამპანიებთან და ქართველთა მასობრივ (200 000-ზე მეტი) იძულებით გადასახლებასთან.
თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაშიც იყო უკიდურესად უნამუსო, ცინიკური და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისათვის!
ჯერ ერთი “ემიგრაცია” და “იძულებითი გადასახლება-გატაცება” ერთი და იგივე ისტორიული მოვლენა არ არის!
მიგრანტი ნებაყოფლობით მიდის, დეპორტირებული – მიჰყავთ, ემიგრანტი არჩევანს აკეთებს, ხოლო ტყვე კი არჩევანს კარგავს და ძალადობის შედეგად მონურად ჩაგრულია.
ამრიგად, ბატონო ელჩო, თქვენი მცდელობა, XVII საუკუნის სისხლიანი აგრესია “კულტურულ დიალოგად” მონათლოთ, ხოლო 200 000 ქართველის გენოციდი და დეპორტაცია “ემიგრაციად” შეფუთოთ, მხოლოდ უტიფრობა კი არა, ისტორიული და მორალური სადისტობაა. თქვენ ცდილობთ, დიპლომატიური ღიმილებითა და ფსევდო-აკადემიური პოზიორობით გადაფაროთ ის, რაც კაცობრიობის ისტორიაში უმძიმეს დანაშაულად სწერია. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს XXI საუკუნეში ავიწყდება, თუ რას ნიშნავს იმპერიული ცინიზმი: როდესაც ჯალათი მსხვერპლისგან ითხოვს, საკუთარ წამებას ხელახლა გააზრებული და ჰარმონიული ისტორია უწოდოს! დიპლომატიური ხელშეუხებლობა არ გაძლევთ უფლებას, ფეხქვეშ გაქელოთ იმ ხალხის ეროვნული ღირსება და წმინდა მეხსიერება, რომელმაც თქვენს საელჩოს თავისი მიწა დაუთმო. თუ ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ შესწევს უნარი, თვალი გაუსწოროს საკუთარი ისტორიის შავბნელ ფურცლებს, ეს თქვენი ცივილიზაციური პრობლემაა და არა ქართველი ერის გადასაწერ-გადასასინჯი ისტორია!
ამიტომ, როდესაც სამხედრო ძალით განადგურებული მოსახლეობის ირანში გადაყვანას “ემიგრაციას” არქმევთ, თქვენ უბრალოდ სიტყვებს კი აღარ უცვლით, არამედ თვითონ ისტორიული მოვლენის მორალურ და პოლიტიკურ შინაარსს ურცხვად ასხვაფერებთ.
მე არ ვამტკიცებ, რომ თანამედროვე ირანელი მოქალაქე ან დღევანდელი ირანის სახელმწიფო პირადად არის პასუხისმგებელი XVII საუკუნის შაჰ აბასის დანაშაულებზე. ეს ისტორიული ანაქრონიზმი იქნებოდა, მაგრამ თანამედროვე ირანის პასუხისმგებლობის უარყოფა არ ნიშნავს საფავიდური სახელმწიფოს ისტორიული პასუხისმგებლობის უარყოფას!
თუ თანამედროვე ირანი არ არის შაჰ აბასი, მაშინ თანამედროვე ირანს არც სჭირდება შაჰ აბასის ისტორიული რეაბილიტაცია.
წარსულის დანაშაულის აღიარება თანამედროვე სახელმწიფოს დანაშაულში მონაწილეობას არ ნიშნავს. პირიქით, ძლიერი ცივილიზაცია საკუთარ ისტორიას იმდენად მომწიფებულად უყურებს, რომ სიმართლის თქმის არ ეშინია.
განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ თქვენ ირანის საელჩოს ფასადზე სწორედ ქეთევან დედოფლის წმინდა გამოსახულება უსინდისოდ განათავსეთ და შემდეგ გამოაცხადეთ მისი ისტორიის “ხელახალი გააზრების” შესახებ.
მოწამე ქეთევანის გამოსახულების გამოყენება და მისი წამების ისტორიული რეალობის რელატივიზაციის მცდელობა ერთმანეთთან შეუთავსებელი მოვლენებია.
თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ქართულ-ირანული ურთიერთობების გაღრმავება, დაიწყეთ იქიდან, სადაც ნდობა იწყება: სიმართლით და ბოდიშით!
ქრისტიანული ინტელექტუალური ტრადიცია არასოდეს გვასწავლის ისტორიის ბრმად მიღებას. პირიქით, სიმართლე მოითხოვს წყაროების შემოწმებას, ურთიერთშედარებას, ტექსტოლოგიურ კრიტიკას და არგუმენტების ფალსიფიცირებადობას, მაგრამ არსებობს ერთი ინტელექტუალური წესი, რომელსაც ვერ გაექცევით: თუ არსებული მტკიცებულება თქვენს სასურველ ნარატივს ეწინააღმდეგება, უნდა შეიცვალოს ნარატივი და არა მტკიცებულება! სწორედ აქ იყოფა ისტორიოგრაფია პროპაგანდისგან.
ისტორიკოსი სვამს კითხვას: “რას გვიჩვენებს წყარო?” ხოლო, პროპაგანდისტი კი ხშირად იწყებს კითხვით: “როგორ შეიძლება ამ წყაროს ისე ინტერპრეტაცია, რომ არასასურველი პასუხისმგებლობა გაქრეს?”
თქვენდა სამარცხვინოდ თქვენ მეორე გზა აირჩიეთ!
და ბოლოს, ერთი პირადი სიტყვა: მე ვარ ქართველი მართლმადიდებელი თეოლოგი. არ ვარ ირანელი ხალხის, ან სპარსული კულტურის მტერი. არც ირანთან მშვიდობიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მეგობრობა სიცრუეზე ვერ აშენდება!
ქართველსა და ირანელს შორის ნამდვილი ურთიერთპატივისცემა მაშინ დაიწყება, როდესაც ერთი – მეორეს ისტორიული მეხსიერების წაშლას აღარ მოსთხოვს.
ჩვენ შეგვიძლია პატივი ვცეთ ირანის ცივილიზაციას ისე, რომ არ დავივიწყოთ ქართველი მოწამეები. ასევე, გვსურს გვიყვარდეს მშვიდობა ისე, რომ არ გავამართლოთ ძალადობა და ვაღიაროთ თანამედროვე ირანის სუვერენიტეტი ისე, რომ არ გავაქროთ საფავიდური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ისტორიული ძალადობა!
ამიტომ, კეთილი ინებეთ და ბოდიში მოიხადეთ თქვენს ველურ თავხედობაზე და ილაპარაკეთ მომავალზე ისე, რომ წარსულის მსხვერპლს მეორედ არ მოვუკლათ სიმართლე!
ქეთევან წამებული ვერ იქნება ისტორიული დისკუსიის საგანი, თუ ამ დისკუსიის ფარული მიზანი მისი წამების პასუხისმგებლობის განეიტრალებაა.
მას არ სჭირდება ჩვენი დაცვა. მას უკვე აქვს ის, რაც ყველა ძალაუფლებაზე მაღლა დგას: სიმართლე, მოწამეობის ღირსება და ქრისტეს წინაშე ნათქვამი აღსარება!
ამდენად, ქეთევან წამებულის წინაშე საქართველოს ერთი ვალდებულება აქვს: იკმაროს მისი წამება შაჰ აბასის ბრძანებით, რათა საუკუნეების შემდეგ ისტორიული რელატივიზმის ენით, ვიღაც რეგვენმა და მავნებელმა იდიოტებმა მეორედ აღარ მოკლან იგი!



