2028 წელი არც ისე შორს არის, როგორც ვიღაცას ჰგონია. იმისთვის, რომ პროპაგანდამ იმუშაოს და საზოგადოების ნაწილი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იდეა არ არის, მეტი დრო სჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: „რა აზრი აქვს ევროკავშირში წევრობას, თუ უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს გართმევენ?!“
რუხაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავის მხარდამჭერებში პროევროპული ნაწილი 50%-მდე მაინც დაიყვანოს, რათა 2028 წელს, როდესაც განაცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას აღარ აპირებენ, მხარდამჭერები არ აუმხედრდნენ.
„ჩვენ ახლა განებივრებულები არ ვართ საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მაგრამ რომელიღაც ევროპული ორგანიზაციის კვლევა იყო, სადაც გაიზომა ევროკავშირისკენ საზოგადოების მიდრეკილება და ა.შ. კვლევამ აჩვენა, რომ სადღაც ხუთი წლის წინ იყო 80%-85% და წელს უკვე საუბარია 70%-75%-ზე. ანუ ხელისუფლების ხუთწლიანმა პროპაგანდამ, ჯამში, 10%-იანი ცვლილება გამოიწვია.
საინტერესოა, სად გამოიწვია ეს ცვლილება. პროევროპულ საზოგადოებას თუ შეხედავ საქართველოში, ოპოზიციურად განწყობილ სეგმენტში განსაკუთრებით მაღალია პროევროპულობა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც უმეტესად პროევროპული ნაწილია, სადღაც 65%.
პროპაგანდა არ მუშაობს ოპოზიციურად განწყობილ ნაწილზე. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მხოლოდ მუშაობს ან მის მხარდამჭერებზე ან მის მიერ კონტროლირებად საზოგადოებაზე ანუ იმ კატეგორიაზე მოქმედებს ეს, რომელიც „ტვ იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „პოსტივის“ უყურებს.
ახლა „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ საკუთარი ამომრჩევლისა და მისი კონტროლირებადი საზოგადოების აზრი შეცვალოს, აქეთ მხარეს ის მაინც ვერ შეცვლის ვერაფერს. „ქართული ოცნება“ არჩევნების ჩატარებას აღარ ფიქრობს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიღმა მისთვის საზოგადოება აღარ არსებობს და ახლა სჭირდება, რომ თავის მხარდაჭერებში მინიმუმ 50%-ზე დაიყვანოს, რომ მერე შიგნითვე არ აუფეთქდეს ეს ამბავი, როცა იტყვის, რომ ევროკავშირის ამბავი დამთავრებულია“, – განაცხადა რუხაძემ.
მან ასევე ისაუბრა MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებაზეც და აღნიშნა, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ დამატებითი რაზმი, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც პოლიცია და სპეცრაზმი ვერ აკეთებს.
„ოქტაგონზე თუ რინგზე რომ იბრძვი, მოდი რა, მანდ იბრძოლე. ქრისტეს მუშტით დაცვა რომ ნდომებოდა, მერწმუნეთ, რაღაცნაირად მოახერხებდა. აქ არც „ვეფხისტყაოსანს არ სჭირდება მუშტით დაცვა, არც მართლმადიდებელ ეკლესიას და არც ნოდარ დუმბაძეს არ სჭირდება ამ ქართველიშვილისგან, ვიღაცას სადარბაზოში ჩაუსაფრდეს და თავი გაუტეხოს.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც მიტაცებული აქვს ეს ხელისუფლება, გადაწყვიტა, რომ მას სჭირდება დამატებითი რაზმი იმისათვის, რომ რასაც პოლიცია ვერ გააკეთებს, რასაც სპეცრაზმი ვერ გააკეთებს, იყვნენ სხვები, რომლებიც ამ ყველაფერს გააკეთებენ.
ივანიშვილი ცდილობს, რომ რაღაცნაირად გაასწროს გეოპოლიტიკას, ეს ველი მოასუფთაოს და რაც არ უნდა მოხდეს, ხვალ რომ რუსეთი სულ ჩამოიშალოს, რაღაცნაირად ფიქრობს, რომ მის გარდა ამ სივრცეში არავინ იქნება და მაინც მას დაელაპარაკებიან. ჩემი აზრით, ამ ილუზიაშია გაჩხირული.
ბევრი რამ მინახავს და ასეთი რაღაცები ცუდად მთავრდება. ცუდად მთავრდება იმისთვის, ვინც იწყებს ასეთ რამეებს. მახვილს ვინც აღმართავს, ის მახვილით ისჯება მერე“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.




